ეთნიკური ჯგუფები ისტორიულად ჩამოყალიბებული ადამიანთა ერთობაა, რომელიც არსებობს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავდება ადათ-წესებით, ენით, კულტურითა და რელიგიით. საქართველო ოდითგანვე ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, თუმცა საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებები ქვეყანაში დაცული არ უნდა იყოს და უპირატესობა მკვიდრ მოსახლეობას უნდა მიენიჭოს. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით უცხო ქვყანაში ჩასვლის დროს, იქაურ მოალაქეთა აგრესიის ეპიცენტრი თუ აღმოვჩნდებოდით, ამიტომ საზოგადოების ამ თვალსაზრის თუ კარგად დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ საქმე გვაქვს ეგოიზმთან. სამწუხაოდ, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნოსები ხშირად ყოფილან დაცინვისა და აგრესიის ობიექტნი. მახსოვს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩინელი ბიჭი ამოვიდა, ქართველმა ახალგაზრდებმა დასცინეს მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ალბათ ხშირად მოგვიკრავს თვალი რასიზმის მაგალითებისთვის. ქართველი მოსახლეობის ნაწილი აბუჩად იგდებს მათ კანის განსხვავებული ფერის გამო, ბევრი მათ გვერდით დაჯდომასაც უკადრისობს. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი პირადი ანტიპატია, ზოგჯერ შური, ეროვნული სხეულის მთლიანობის დაკარგვის შიში და ამპარტავნებაა.
პირველ ყოვლისა, ჩვენ ყველანი ღვთის ხატად შექმნილი ადამიანები ვართ, ღმერთთან კი მიკერძოება არ არის. ყოველ პიროვნებას ინდივიდუალური დნმ-ი აქვს, რაც ხაზს უსვამს ჩვენს ორიგინალურობას. ურიგო არ იქნებოდა, თუ ისტორიას გადავხედავდით, რადგან აღმოვაჩენდით, რომ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს აქ მცხვრებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა. დავით აღმაშენებელმა თავად ჩამოასახლა ყივჩაღები, რომ მტერთან ბრძოლაში დახმარებოდნენ. ებრაელებმა, რომლებიც დაახლოებით 26 საუკუნის უკან შემოვიდნენ საქართველოში, დიდი როლი ითამაშეს ვაჭრობის განვითარებაში საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის. ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში დიდ როლს ასრულებენ აქ მცხოვრები ჩინელებიც.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სამუშაოდ ჩასული ქართველები, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდით რომ ისინი იქაური მოსახლეობის ზეწოლისა და აგრესიის მსხვერპლნი აღმოჩენილიყვნენ, ამიტომ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოვლად მიუღებელია აქ მცხოვრები უცხოელი ხალხის ჩაგვრა და მათი უფლებების უგულებელყოფა. ეთნიკური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი აგრესიით, საფრთხეში ჩავაგდებთ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს. ესეც რომ არა, ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა, საიმისოდ რომ იგი სიძულვილსა და დავაში განვვლოდ. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ და ერთმანეთში უნდა ვხედავდეთ არა კანის ფერსა და წარმომავლობას, არამედ პიროვნებას, რომელიც ფლობს უამრავ უნარსა და ნიჭს და რომელსაც ისევე შეუძლია უყვარდეს და ტკიოდეს გული, როგორც ჩვენ.